ეროვნული გამოცდები გრძელდება

ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გრძელდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 96%-ზე მეტი გამოსაცდელი, დაიგვიანა ერთმა აბიტურიენტმა.

რუსთავის საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებული იყო 416 აბიტურიენტი, რომელთაგან გამოცდაზე 397 გამოცხადდა. არ ყოფილა დაგვიანების შემთხვევა. საგამოცდო ცენტრის კოორდინატორის, ზვიად მურადაშვილის განცხადებით, გამოცდა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.

მეორე სესიაზე მასწავლებლები უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდას ჩააბარებენ, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეები კი გრანტის მოპოვების ან გაუმჯობესების მიზნით გაივლიან ტესტირებას.

გამოსაცდელებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაცია საგამოცდო ცენტრებში 14:00 საათზე დაიწყება, გამოცდა კი – 15:00 საათზე. ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს გამოცდების ყველა მონაწილეს, რომ არ დაიგვიანონ და გამოცდაზე ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას გამოცხადდნენ.