სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ქვემო ქართლის ასევე შიდა ქართლის, თბილისში, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში ნიმუშები აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადაგზავნეს.
შედეგად, ხორცისა და ხორცპროდუქტების, რძისა და რძის ნაწარმის, თევზისა და თევზის პროდუქტების, ბავშვთა კვების 118 ნიმუში გამოიკვლიეს, საიდანაც ტყვიის შემცველობა ყველა შემთხვევაში ნორმას შეესაბამებოდა.
„დარღვევების მინიმუმამდე შემცირება ბოლო წლებში გააქტიურებული კონტროლის, სააგენტოს მიერ მიღებული სპეციალური ზომებისა და ბიზნესსექტორთან აქტიური კომუნიკაციის შედეგია“, – აცხადებენ სააგენტოში.
2017 წელს, სხვადასხვა დასახელების სურსათის 712 ნიმუშიდან, ნორმასთან შეუსაბამობა 97 შემთხვევაში აღინიშნა, ხოლო 2021 წელს გამოკვლეულ 500-მდე ნიმუშში, ტყვიის შემცველობა დასაშვებ ზღვარს არცერთ შემთხვევაში არ აღემატებოდა. სააგენტო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ნიმუშების აღებასა და კვლევას განაგრძობს.









