ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორს ალექსანდრე თევდორაძეს შეხვედა
სამუშაო შეხვედრას, რომელიც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს, გარდაბნის, წალკის და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერები დაესწრნენ.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტში წამოჭრილი წყალმომარაგების პრობლემის აღმოფხვრის მიზნით სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიგეგმა.
,,მნიშვნელოვანია, რეგიონში მიმდინარე საკითხებზე დროული რეაგირება მოვახდინოთ. პრიორიტეტულია ბოლნისის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის პროექტირება – მშენებლობის საკითხი.
მიმდინარე წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისგან გამოიყო 33 000 000 ლარი; პროექტი სრულად მოიცავს წყალმომარაგების ქსელის მოწყობას, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების გამრიცხველიანებას, მაგისტრალური მილის, არსებული რეზერვუარებისა და სატუმბი სადგურის რეაბილიტაციას.” – განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.
შეხვედრის ფარგლებში ასევე განიხილეს სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირების დასაქმების პროგრამა, რომლის მიზანი სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობაა.
სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ილია ჯალაღანია, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი, ვახტანგ ბუცხრიკიძე, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტრის მოადგილეები, ირაკლი ნაფეტვარიძე და აკაკი მშვიდობაძე.