ჰაერის ხარისხი რუსთავში – საწარმოების წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საწარმოების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე დაბინძურების სტაციონალური წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების უწყვეტი თვითმონიტორინგის წარმოების ვალდებულების და ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის მოთხოვნების საკითხები განიხილეს.

 შეხვედრას გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილეები, ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლები და რუსთავის პირველი პირები ესწრებოდნენ, მათ შორის რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე და მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, ირაკლი შატაკიშვილი.

შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

„კიდევ ერთხელ დეტალურად განვმარტეთ, თუ როგორ უნდა მოხდეს ვალდებულებების შესრულება; ასევე, განვიხილეთ, რა ეტაპზეა თითოეული საწარმო აღნიშნული მიმართულებით, რაც უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ სამინისტრო დააკვირდეს, როგორ ასრულებენ საწარმოები ჰაერდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნებს. თითოეულ საწარმოს მიეცა შესაძლებლობა, წარმოადგინოს დეტალური გეგმა-გრაფიკი, რომლის საფუძველზეც მოახდენენ ახალი ვალდებულებების შესრულებას. აღებული ვალდებულებების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამინისტრო კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს გაატარებს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.

რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის განმარტებით, მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსთავისთვის, სადაც დღემდე დგას ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხი.

 

„ჩვენი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, შეხვედრა გვქონდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ფოთში, რუსთავსა და კასპში, სამივე საწარმოში, უკვე დავაყენეთ მზომი ხელსაწყოები. ამჟამად, მიმდინარეობს დაკალიბრება, რომ მოხდეს ზუსტი მონაცემების განსაზღვრა და ინფორმაციის სამინისტროსთვის გადაცემა“, – განაცხადა შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ გარემოს დაცვის მენეჯერმა გიორგი ჩალაძემ.

სამინისტროს ცნობით, კომპანიებმა თვითმონიტორინგის სისტემების დამონტაჟება და ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია გეგმა-გრაფიკის მიხედვით უკვე დაიწყეს. უწყების ცნობით, საწარმოების მონიტორინგი გრძელდება.