რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ნოდარ შეროზიას ხელმძღვანელობით, წარმომადგენლობით ორგანოში მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომის ფარგლებში, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს,თუმცა საკითხი, რომელიც ქალაქ რუსთავში ახალი ინვესტიციების განხორციელებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ითვალისწინებს საკრებულოს წევრები ვერ შეთანხმდენ და ამ საკითხის განხილვა გადაიდო.
ამ თემასთან დაკავშირებით რუსთავის მერიაში ნინო ლაცაბიძემ ბრიფინგი გამართა და განაცხადა: ,,რუსთავის საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობის ძალისხმევით, რუსთავს 60 მილიონი ლარის ინვესტიციის დაკარგვის საფრთხე ემუქრება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და ,,პარტია საქართველოსთვის“ ტანდემი, რუსთავში, ქალაქისთვის და რუსთაველებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას აფერხებს. საკითხი, რომელიც ქალაქში ახალი ინვესტიციების განხორციელებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ითვალისწინებს, რუსთავის საკრებულოს უმრავლესობას ერთ თვეზე მეტია გაჩერებული აქვს. პროექტების განხორციელების საინვესტიციო ღირებულება 60 მილიონი ლარია.’’
ნინო ლაცაბიძე, რუსთავის წარმომადგენლობითი ორგანოს უმრავლესობას ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერისკენ, საკრებულოს თავმჯდომარეს, კი რეგლამენტით გათვალისწინებული დისკრეციული უფლებამოსილებების, რუსთაველების სასარგებლოდ გამოყენებისკენ მოუწოდებს.