რიკოთის ახალი გზის რამდენიმე მონაკვეთი წელს გაიხსნება

რიკოთის ახალი გზის რამდენიმე მონაკვეთი წელს გაიხსნება. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე ადგილზე გაეცნო.  უკვე გაჭრილია 24 გვირაბი, საიდანაც 3 დასრულებული გვირაბით სატრანსპორტო საშუალებები უკვე სარგებლობენ.  სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს 88 ხიდზე, საიდანაც 30 უკვე აშენებულია, ხოლო 6 დასრულებულ ხიდზე მოძრაობა გახსნილია.რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 მონაკვეთად არის დაყოფილი და საერთო ჯამში, რიკოთზე დაგეგმილია 52 კმ-მდე გზის, 97 ხიდისა და 51 გვირაბის მშენებლობა.

ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, რიკოთის საუღელტეხილო ახალი გზის კონკრეტული მონაკვეთები უკვე წელს გაიხსნება, ხოლო სრულად რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობა 2023 წელს დასრულდება.

“რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობა ნამდვილად საუკუნის პროექტია და აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო საგზაო დერეფნის ყველაზე გამომწვევი და მნიშვნელოვანი მონაკვეთია. სამუშაოები ყველა გვირაბზე გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. გვაქვს დასრულებული გვირაბები, რომლითაც უკვე ვსარგებლობთ. გვირაბების ნახევარი კი უკვე გაჭრილია და შესაბამისი მოსახვითი სამუშაოები ხორციელდება. ასევე, კარგი პროგრესია ხიდებთან მიმართებაშიც – მიმდინარეობს ყველაზე გრძელი, უნიკალური მეტალის ხიდის მონტაჟი,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის მაგისტრალური გზის სამშენებლო სამუშაოების მონახულების შემდეგ განაცხადა.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა. რიკოთის  პროექტებზე ამჟამად დასაქმებულია 4000-ზე მეტი ადამიანი და დასაქმებულთა დაახლოებით 68% საქართველოს მოქალაქეა.