ეტლით მოსარგებლე ოთო დარბაისელი აცხადებს, რომ დაშბაშის კანიონზე მოწყობილ შუშის ხიდზე შშმ პირთათვის განკუთვნილი ეტლით ასვლის შესაძლებლობა არ მიეცა. მისი თქმით, განუმარტეს, რომ რეზინის ბორბლები მინას აზიანებს და არ შეუშვეს. მოქალაქე აღნიშნავს, რომ ,,Kass Land” ბარში ელექტროლიფტი გაფუჭებული დახვდა და ასვლა მხოლოდ პერსონალის დახმარებით შეძლო.
„ესეც ჩვენი დაშბაშის კანიონი. უკან ფონს რომ მილამაზებს, არის 120-მილიონიანი შუშის ხიდი, რომელიც ისეთი ფაქიზი და მსხვრევადი ყოფილა თურმე, რომ შეიძლება მე და ჩემ ეტლს ვერ გაგვიძლოს. არა, კი მოვიმატე წონაში, მაგრამ ასე ძალიანაც არა, ხიდებმა რომ ვერ გამიძლოს. თურმე რეზინის ბორბლები აზიანებს მინას, არ შემიშვეს. წესით, როცა საერთაშორისო პროექტით კეთდება, ყველა ვიზიტორზე უნდა იყოს გათვლილი.
ეს ფოტო არის გადაღებული KassLand- ის ბარიდან. რომ შევედი, გამიხარდა, ელექტროლიფტი დამხვდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მალევე გამიცრუვდა იმედები – არ მუშაობდა. მიმტანს რომ ვკითხე, რატომ არ მუშაობს-მეთქი, დამონტაჟების დროს გაფუჭდაო. შემდეგ მენეჯერმა იმით მომიმადლიერა, რომ 5 ბიჭის კუნთების იმედად ჩამიყვანეს და ამომიყვანეს, თან, ბედნიერმა, ჩვენ ყველას ასე ვემსახურებითო. ვერ მივხდი, ყველა ასე ხელში აყვანილი დაჰყავდათ თუ რას ნიშნავდა ეგ. ვერ მიხვდი, სამწუხაროდ, შშმ პირების საჭიროებები არის გათვალისწინებული, მაგრამ გამოსადეგი არ არის შშმ პირისთვის. ამხელა თანხა და წვალება წყალში იყრება“, – წერს სოციალურ ქსელში ოთო დარბაისელი.