„2026 წლამდე საჯარო სამსახურში ხელფასების ოდენობა ყოველწლიურად, დაახლოებით, 10%-ით გაიზრდება“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გასულ წელს, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განისაზღვრა გარკვეული პრინციპები, თუ როგორ უნდა მოწესრიგებულიყო საჯარო სამსახურებში შრომის ანაზღაურების ნაწილი. მისი თქმით, საქართველოს მთავრობას დაევალა, საქართველოს პარლამენტისთვის წარედგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს საჯარო სამსახურებში ხელფასების მოწესრიგება.
დღევანდელი მოცემულობით საჯარო სამსახურში ხელფასების საშუალო დონე, კერძო სექტორთან მიმართებით, დაახლოებით, 74%-ს შეადგენს, რაც ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. წლების განმავლობაში ეს მაჩვენებელი იცვლებოდა და იყო 93-94 პროცენტიც, თუმცა 2021 წლისთვის ეს მაჩვენებელი შემცირებულია 74%-მდე. კრიტერიუმები, რომლებიც განსაზღვრულია მთავრობის დადგენილებით, ნიშნავს იმას, რომ მომდევნო წლების განმავლობაში 2026-წლამდე, ყოველწლიურად, საჯარო სამსახურში ხელფასების ოდენობა, დაახლოებით, 10%-ით გაიზრდება იმისთვის, რომ მიღწეული იქნას ის პარამეტრები, რომელზეც ჩვენ საუბარი გვქონდა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული პარამეტრები უკვე განხილული იქნება კანონმდებლობის დონეზე, როდესაც წარდგენილი იქნება 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი და შესაბამისად, მისი თქმით, აღნიშნულ კანონში აისახება მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.