ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის ცხრა წევრი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, აღნიშნული პირები პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით არიან დაკავებული.
„დანაშაულები ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ პროსტიტუციაში ჩაბმული ქალები თბილისში მდებარე სასტუმროებში – „საბუდარასა“ და „არგოში“, ასევე, ამავე დაწესებულებების ბარებში სისტემატურად იკრიბებოდნენ, მფლობელის – გ.-ს. და ადმინისტრაციის თანამშრომლების მითითებით, სასტუმროში მისულ პირებს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სექსუალურ მომსახურებას უწევდნენ.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ სასტუმროების – „არგოსა“ და „საბუდარას“ ადმინისტრატორები ორგანიზებას უწევდნენ სექსუალური მომსახურების მსურველი მამაკაცებისა და პროსტიტუციაში ჩაბმული ქალების ერთმანეთთან დაკავშირებას. ამ მიზნით ისინი სასტუმროს ნომრებს საათობრივად აქირავებდნენ, ხოლო დაცვის თანამშრომლები პროსტიტუციაში ჩაბმული ქალების უსაფრთხოებას იცავდნენ, საჭიროების შემთხვევაში კი აღნიშნული ქალებისა და მათი კლიენტების ავტომანქანით გადაადგილებას უზრუნველყოფდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები პროსტიტუციის ხელშეწყობითა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემით სოლიდურ შემოსავლებს იღებდნენ.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკისას შედეგად, დიდი ოდენობით ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.