ბენზინგასამართი სადგურის ნაწილმა ფასები 30-40 თეთრით შეამცირა

ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის განცხადებით, ბენზინგასამართი სადგურების ნაწილმა ფასები უკვე 30-40 თეთრამდე შეამცირეს.

„ფასების შემცირება უკვე საკმაო ხანია, რაც დაწყებულია. ტენდენცია ეხება როგორც მცირე და საშუალო ქსელებს, ასევე ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებსაც. ზოგადად, ჩვენ თუ შევხედავთ სხვადასხვა კომპანიების მიხედვით, ფასები მნიშვნელოვნად დაკლებულია. მცირე და საშუალო ქსელებში, ყველაზე პოპულარული რეგულარის ტიპის ბენზინი 3-3.05 ლარი ღირს. მნიშვნელოვანია, რომ დიზელის საწვავიც მცირე და საშუალო ქსელებში 4-ლარიან ნიშნულს ჩამოსცდა.

რაც შეხება ბერენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებს, ისინიც აქტიურად ამცირებენ ფასებს აგვისტოს დასაწყისიდან. სხვადასხვა კომპანიის მაგალითზე საშუალოდ, 30-40 თეთრამდე უკვე შემცირებული აქვთ ფასები,აცხადებს ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საწვავის ფასებთან დაკავშირებით მორიგი განცხადება 15 აგვისტოს გააკეთა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ივლისსა და აგვისტოში საწვავზე ფასი შემცირდა, რჩება განცდა, რომ ფასის კლება ფაქტორების პროპორციული არ არის. მან საკითხის მოკვლევა კონკურენციის სააგენტოს დაავალა.