ბოლნისის მუნიციპალიტეტში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა. დავით შერაზადიშვილმა, პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა და მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებმა აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ბოლნისელი მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს და სოფელ დისველში ასლან შაინიძის, სოფელ რატევანში ნოდარ დევნოზაშვილისა და სოფელ ტანძიაში საბა დადვანის საფლავები გვირგვინებით შეამკეს.
ომის გმირებს ადგილობრივი ხელისუფლების გარდა, პატივი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ამირიძემაც მიაგო.
აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისგან თითოეული დაღუპული გმირის ოჯახს 500 ლარი პირად ანგარიშზე ჩაერიცხა.
2008 წელს, რუსეთის აგრესიას 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო მოსამსახურე, 14 პოლიციელი და სამი ჟურნალისტი შეეწირა. 30 ათასამდე საქართველოს მოქალაქე კი საკუთარ ქვეყანაში იძულებით გადაადგილებულ პირად აქცია. საქართველოს ტერიტორიების 20% დღემდე ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
„დღეს პატივს მივაგებთ აგვისტოს ომში გმირულად დაღუპულ ბოლნისელ ჯარისკაცებს. აგვისტოს ომმა საქართველოს არამარტო ტერიტორიები დააკარგვინა, არამედ არაერთი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, საქართველოს ათასობით მოქალაქე კი საკუთარ ქვეყანაში დევნილად აქცია. ქვეყნის თავისუფლებისთვის დაღუპული თითოეული ჯარისკაცის თავდადება სამშობლოს წინაშე შეუფასებელია, ამიტომ ვალდებულები ვართ მათი გმირობა არასდროს დავივიწყოთ. ქართველმა ერმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ თავისუფლებისთვის ყოველთვის შეუპოვრად იბრძოლებს და არავის მისცემს საშუალებას დამოუკიდებლობა წაართვას. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება ჩვენი გმირები, ჯარისკაცები, რომლებმაც თავისუფლება შეგვინარჩუნეს და ქვეყნის ერთიანობისთვის საკუთარი სიცოცხლეც კი არ დაიშურეს“ , – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.