ქართულ ინტერნეტსივრცეში ისეთი ცნობილი ვებგვერდები, როგორებიცაა adjaranet და iMovies, გაითიშა. ფილმებისა თუ სერიალების სანახავად შესულ მომხმარებლებს შემდეგი წარწერა დახვდათ — “საიტი რეკონსტრუქციის პროცესშია”.
გარდა ვებ-გვერდზე განთავსებული საერთო წარწერისა, თავად ამ საიტების წარმომადგენლებს არ დაუზუსტებიათ, თუ რას უკავშირდება კონკრეტულად “რეკონსტრუქციის პროცესი”.
აღსანიშნავია, რომ 15 აგვისტოს ამუშავდა Cavea+, რომელიც მომხმარებელს წარუდგა, როგორც პირველი ქართული ლეგალური ონლაინ კინოთეატრი. ამის გამო ბევრმა ჩათვალა, რომ მეკობრული ვებგვერდების გათიშვა სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება.
Imovies და adjaranet ქართველი მაყურებლების სრული უმრავლესობისთვის ყველაზე კარგად ნაცნობი ვებგვერდებია, სადაც შესაძლებლობა ეძლეოდა ყველას, რომ ფილმები თუ სერიალები გამოსვლისთანავე მალევე სრულიად უფასოდ ენახა, მათ შორის ქართულად გახმოვანებულიც.
საქართველოს ანტიმეკობრული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ზურაბ ბეჟაშვილის ინფორმაციით, ქართულმა მეკობრულმა ვებგვერდებმა ბოლო წლებში ათობით მილიონი ლარის შემოსავლები მიიღეს ისე, რომ მისი წილი არ გაუზიარებიათ ამ პროდუქციის რეალური მწარმოებლებისა თუ მათი საავტორო უფლებების მფლობელებისთვის.
ჯერ კიდევ 2019 წელს გავლენიანი ამერიკული კინოსტუდიების საერთო დისტრიბუტორმა კომპანია Motion Picture Association of America-მ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს გამაფრთხილებელი წერილით ინტერნეტსივრცეში ფილმების განთავსების კანონიერად დარეგულირება მოსთხოვა. 2021 წლის ნოემბერში ჰოლივუდის დიდი კინოსტუდიების ამავე გაერთიანების მიმართვის საფუძველზე ინსტაგრამსა და ფეისბუქზე ქართული მეკობრული ვებგვერდების სოციალური მედიის ანგარიშები წაიშალა. 2022 წლის მაისში კი ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის წევრობის კითხვარში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა სწორედ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ვალდებულებას, რისი სამომავლოდ კიდევ უფრო ქმედითად აღსრულება საქართველომ თავის თავზე აიღო.
ამ ეტაპობრივმა ნაბიჯებმა კი ის შედეგი გამოიღო, რომ ამერიკული სტუდიებისა და დისტრიბუტორების მოთხოვნით, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ პროვაიდერებს იმ ვებ-გვერდების დაბლოკვა მოსთხოვა, რომლებზეც არალეგალური პროდუქცია იყო განთავსებული.
24 აგვისტოს კომუნიკაციების კომისიამაც გაავრცელა განცხადება და დაადასტურა, რომ “ინტერნეტსივრცის არალეგალური და პირატული კონტენტისგან გასათავისუფლებლად” შესაბამისი ზომები მიიღო.
“კომუნიკაციების კომისიამ გასულ კვირაში ხანგრძლივი სამუშაო პროცესის გასვლის შემდეგ, კიდევ ერთხელ მიმართა იმ ვებგვერდებს, რომლებიც მოპარულ კონტენტს ავრცელებენ, რომ გაათავისუფლონ საკუთარი პლატფორმები არალეგალური კონტენტისგან. იმ ვებგვერდებთან დაკავშირებით, რომლებმაც კომისიის მოთხოვნის მიუხედავად არ ამოიღეს საკუთარი პლატფორმიდან არალეგალური კონტენტი, კომისიამ უკვე მიმართა ინტერნეტ სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვალდებულნი არიან მოახდინონ რეაგირება და მიიღონ შესაბამისი ზომები მისი აღმოფხვრის მიზნით” — აღნიშნულია განცხადებაში.
ვებგვერდებს adjaranet-ს და iMovies-ს ჯერ ოფიციალური პოზიცია არ დაუფიქსირებიათ.