რუსთავის მერია კომპანია ,,რუსთავის წყალს” მიმართავს

ქალაქ რუსთავის მერია განცხადებას ავრცელებს, სადაც კომპანია ,,რუსთავის წყალს” მიმართავს წარმოადგინოს გეგმა, თუ როგორ აპირებს არსებული სიტუაციის გამოსწორებას.

,,ქალაქის წყალმომარაგების სფეროში შექმნილი მდგომარეობის გამო, მივმართავთ კომპანია ,,რუსთავის წყალს”, უმოკლეს ვადაში წარმოადგინოს გეგმა, თუ როგორ აპირებს არსებული სიტუაციის გამოსწორებას.

ჩვენ არაერთხელ გვქონდა საუბარი ამ თემაზე კომპანიის წარმომადგენლებთან, მოსმენილი გვაქვს არაერთი არგუმენტი, კარგად ვაცნობიერებთ იმ ტექნიკურ სირთულეებსაც რის წინაშეც კომპანია დგას, მაგრამ აბსოლუტურად ვიზიარებთ მოსახლეობის სამართლიან აღშფოთებას სასმელი წყლის მიწოდების, უკვე თითქმის სისტემატიური შეფერხების გამო.

ველოდებით რეალურ გეგმას კომპანია ,,რუსთავის წლისგან” , რომელიც ბოლო პერიოდში, რუსთავის სასმელი წყლით მომარაგების ვალდებულებას ვერ ასრულებს.” –  აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ კომპანია ,,რუსთავის წყალმა” გაავრცელა სპეციალური განცხადება სადაც წერია, რომ 18 აგვისტოს დილის 10:00 სთ-დან საღამოს 22:00 სთ-მდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ქალაქ რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, ჭყონდიდელის დასახლებას და ქალაქ გარდაბანს.