საქართველოს,თურქეთის და აზერბაიჯანის მინისტრებმა თბილისში სატრანსპორტო, ე.წ. შუა დერეფნის განვითარების საკითხები განიხილეს

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარება და კონკურენტუნარიანობის ზრდა იყო დღეს თბილისში გამართული სამმხრივი შეხვედრის მთავარი თემა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის და თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა. როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, ბოლო პერიოდში განვითარებული პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენების ფონზე სულ უფრო იზრდება აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი სატრანზიტო-სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა და მისი განვითარების საკითხი, ის  აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველი მარშრუტი ხდება.

„თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა სატრანზიტო, სატრანსპორტო, ლოგისტიკური მიმართულებით არის უმნიშვნელოვანესი. შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, რომლებიც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს დერეფნის კონკურენტუნარიანობას საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაშიც. ჩვენ განვიხილეთ არსებული მიმდინარე, კონკრეტული პრობლემები და გადაჭრის გზებიც დაისახა იმისთვის, რომ ტვირთბრუნვა დაჩქარდეს, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო მეტი ტვირთი გადავზიდოთ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ინფრასტრუქტურის გამოყენებით და საბოლოოდ, შევქმნათ არსებული სატრანზიტო-სატრანსპორტო მარშრუტების რეალური ალტერნატივა“, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრებმა შეხვედრაზე განიხილეს არსებული მდგომარეობა, შემდგომი განვითარების პერსპექტივები და მიმართულებები და მიიღეს გადაწყვეტილებები, რომლებიც გულისხმობს აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთს შორის სარკინიგზო მაგისტრალით გადაზიდვების გაზრდას და ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის მშენებლობის დროულ დასრულებას.