,,საჯარო მოხელეების ხელფასები 10%-ით გაიზრდება” – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის თქმით, სახელმწიფოს მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო დამატებითი შემოსავლები გაუჩნდა და ამიტომ სექტემბერში ბიუჯეტის კორექტირება მოხდება.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ დამატებითი შემოსავლები უფრო მეტი პროექტის დაფინანსების საშუალებას მისცემს მთავრობას.

,,მინდა ასევე, შევახსენო საზოგადოებას, რომ წლების განმავლობაში, დაახლოებით 2017 წლიდან 2020 წლამდე, პრაქტიკულად არც ერთ წელს არ გაზრდილა ხელფასები საჯარო სექტორში, რაც, ვფიქრობ, დიდი შეცდომა იყო. ჩვენ თუ შევადარებთ კერძო სექტორსა და საჯარო სექტორში არსებულ შრომით ანაზღაურებას, ჩამორჩენა არის საგრძნობი და ამას სჭირდება მოწესრიგება. ამიტომ, ჩემი დავალებით, წელს, იანვარში დავიწყეთ ამის მოწესრიგებას. იანვარში 10%-ით გაიზარდა ხელფასი ყველა საჯარო მოხელისთვის. ახლა უკვე ფინანსთა მინისტრმა წარმოადგინა ჩვენი ხედვა, განისაზღვრა კრიტერიუმები და დადგენილებით უკვე მოწესრიგდება აღნიშნული საკითხი, რაც გულისხმობს შემდეგს, რომ 2026 წლამდე, ყოველ წელს, მინიმუმ 10%-ით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები. ჯამში, დაახლოებით, 50%-იანი მატება გამოვა უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში” –  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.