ქალაქის შესასვლელს და კიდევ სამ მოედანს რეკონსტრუქცია უტარდება

რუსთავში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება მიმდინარეობს, რომელიც ქალაქის შესასვლელის სრულ რეაბილიტაციასა და სამი მოედნის რეკონსტრუქციას ითვალისწინებს.

ქალაქის შემოსასვლელში, 70 000 მ2-მდე ფართობზე მწვანე სივრცე, გარე განათების ქსელი და ტექნიკური წყლის სარწყავი სისტემა მოეწყობა, დაირგვება 1680-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. ტერიტორიაზე განთავსდება ქალაქის სახელწოდების აღმნიშვნელი წარწერა – ,,რუსთავი’’.

რეკონსტრუქცია ჩაუტარდება თამარ მეფის, ჟიული შარტავასა და შოთა რუსთაველის სახელობის მოედნებსაც. გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა გაბიონები, უსაფრთხოების კუნძულები, დაწნეხილი ბეტონის ბორდიურები, სანიაღვრე ქსელი და რეკრეაციული სივრცე.

როგორც რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზაზა ზაზაძე აცხადებს, პროექტი უნიკალურია იმ მხრივაც, რომ სარწყავი სისტემის წყლით მომარაგება მდინარე მტკვრიდან რუსთავში პირველად მოხდება.

ასევე მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები და  ქალაქის ცენტრალური სატრანსპორტო კვანძები უფრო უსაფრთხო და კომფორტული გახდება, როგორც ფეხით მოსიარულეთათვის, ისე მძღოლებისთვის. პროექტის ღირებულება 4 256 988 ლარია.