საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან განახლდება.
“ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით ქართველი სამხედრო ოფიცრები საგანმანათლებლო პროექტი „სამხედრო საქმის” ფარგლებში VII-IX კლასების მოსწავლეებს გაკვეთილებს ჩაუტარებენ, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში. ესაა საპილოტე პროექტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 18 სკოლის 300-ზე მეტი მოსწავლე საქართველოს მაღალმთიან რაიონებში. ინიციატივა ქვეყნის პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის.
პროექტს შეუერთდა კიდევ 18 პედაგოგი, საიდანაც 12 ყოფილი სამხედროა. მათ გადამზადების კურსი გაიარეს. კიდევ ექვსი გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ინსტრუქტორია. სკოლის მოსწავლეებს არჩევითი კურსის „თავდაცვა და უსაფრთხოება” ფარგლებში აიმაღლებენ ცოდნას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: სამოქალაქო უსაფრთხოება, შესაძლო საფრთხეების წყაროები, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზა, პირველადი დახმარების მეთოდები, საქართველოს თავდაცვის სისტემა და თავდაცვის ძალების საქმიანობა.
ასევე, 2022-2023 სასწავლო წელს პირველ კლასში შესვლის უფლება ექნებათ 5 წლის ბავშვებს, კონკრეტულად კი მათ, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ.
ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები ჭადრაკს პირველ კლასში სავალდებულო საგნად შეისწავლიან.
ამასთანავე ამოქმედდება სიახლე, რომელიც მე-10 კლასის მოსწავლეებს ეხება და ისინი “საქართველოს ისტორიას” ცალკე საგნად ისწავლიან. ექნებათ ახალი სახელმძღვანელოც.
15 სექტემბრიდან, ეტაპობრივად სკოლებში ექიმის საათის დანერგვა იწყება და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები თავდაცვისა და უსაფრთხოების შესახებ საჭირო ინფორმაციას მიიღებენ. სამედიცინო თვალსაზრისით, ბავშვებთან ურთიერთობის გარდა, სკოლის ექიმს საგანმანათლებლო საკითხების განხილვაც დაევალება.
საგანმანათლებლო თემებში შედის ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ჰიგიენა, კვება, ფიზიკური აქტივობა, გენდერული სტერეოტიპები, თანასწორობა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, როგორებიცაა, უცხო ადამიანებთან ურთიერთობა, დაკარგვის შემთხვევაში ქცევის წესები, როგორ ამოიცნოს ემოციები და თავისი სახელი დაარქვას, რას ჰქვია საფრთხის შემცველი შეხება და ასე შემდეგ.
ახალი, 2022-2023 სასწავლო წლიდან საგანს წაიყვანენ მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც სპეციალური მომზადება გაიარეს. გაკვეთილები კვირაში ერთხელ ჩატარდება. გარდა ამისა, ფართოვდება საგანმანათლებლო პროექტი „თავდაცვა და უსაფრთხოება”, რომელსაც განათლებისა და თავდაცვის სამინისტროები ერთობლივად ახორციელებენ.
უნდა აღინიშნოს, რომ სწავლა 15 სექტემბერს ვერ განახლდება რუსთავის 25-ე და 26-ე საჯარო სკოლებში, ამის მიზეზი მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია,რომელიც ოქტომბრის თვეში უნდა დასრულდეს.