პრეზიდენტმა გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები “სამოქალაქო თავდადებისათვის” დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა 29 ივლისს, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპული ეკიპაჟის წევრები, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის, სამაგალითო, თავგანწირული ქმედებისათვის, მედლით ,,სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა და მას შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ესწრებოდნენ.

პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდოები სამაშველო ოპერაციისას დაღუპულთა ოჯახის წევრებს გადასცა.

,,პირველ რიგში, მინდა მივესალმო ჩვენი დაღუპული გმირების ოჯახებს და მათი დიდი მწუხარება გავიზიარო, რომელიც მხოლოდ მათი მწუხარება არ არის, ეს მთელი ქვეყნის მწუხარებაცაა.

ჩვენ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ პატივი მივაგოთ გმირებს. თავდადება ამას ჰქვია, როცა შენ თავს გასწირავ სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად. ეს არის, ალბათ, ადამიანის უმაღლესი ღირსება, როცა შეგიძლია, თავი გასწირო სხვისი სიცოცხლისთვის. ჩვენ ეს არასოდეს უნდა დავივიწყოთ! დღევანდელი ღონისძიება სწორედ იმის ნიშანია, რომ სახელმწიფო არ დაივიწყებს მათ, რითიც აჩვენებს, რომ ყველა ადამიანის სიცოცხლე და ცხოვრება მნიშვნელოვანია და ყოველი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ყოველთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

იმისთვის, რომ ასეთი ტრაგიკული შემთხვევა აღარ მოხდეს, ალბათ, ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, იმისათვის, რომ უსაფრთხოება კიდევ უფრო უკეთესად იყოს დაცული. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ტურისტული ქვეყანა ვართ. ტურიზმი ნიშნავს იმას, რომ უსაფრთხოება კიდევ უფრო უკეთესად უნდა იყოს დაცული და ყველანაირი ინფრასტრუქტურული ზომები იყოს მიღებული.

მე ვიცი, რომ უკვე გეგმაშია ახალი ვერტმფრენების შეძენა და ეს ალბათ, ძალიან საჭირო და ძალიან სწორია.

ეს ძალიან რისკიანი პროფესიებია, მათ შორის ექიმები, რომლებიც ასევე, მონაწილეობდნენ ამ სამაშველო ოპერაციაში.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს ისინი და ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად, რისკების შესამცირებლად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შესაძლებელია“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს სამაშველო ოპერაციაში დაღუპულთა დაჯილდოებისა და დაფასებისთვის, პრემიერ-მინისტრსა და პატრიარქს კი – მათი ოჯახების მხარდაჭერისა და თანადგომისათვის.