გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში მშობლებმა პროტესტის ნიშნად ბავშვები სკოლაში არ გაუშვეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში დღეს მშობლებმა  ბავშვები სკოლაში არ გაუშვეს და პროტესტის ნიშნად საავტომობილო გზა გადაკეტეს. მშობლების პროტესტი გამოიწვია სკოლის რეაბილიტაციის პროცესის გახანგრძლივებამ.

შეგახსენებთ სოფელ ნორიოს და სოფელ ჯანდარის სკოლების რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2020 წლის დეკემბერში დაიწყო. მიუხედავად არაერთი სიტყვიერი თუ წერილობითი გაფრთხილებისა, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა.

ტენდერის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მოსახლეობას რამდენიმე დღის წინ გააცნეს. მოსახლეობას შეხვდა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცაბაძე და გარდაბნის მერი დავით კარგარეთელი.

შეწყვეტილი ხელშეკრულების გამო მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ ნორიოს და სოფელ ჯანდარას სკოლების რეაბილიტაციის დასრულების მიზნით, დარჩენილ სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა.