დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა და HEKS-EPER Georgia-ს პროექტის მენეჯერმა გიორგი თვალიაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერით HEKS-EPER Georgia და მუნიციპალიტეტი თანხმდებიან, რომ ერთობლივი ძალისხმევით გააძლიერებენ სამოქალაქო საზოგადოებას და ხელს შეუწყობენ მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღებისა და განხორციელების პროცესებში.
აღნიშნული მემორანდუმი მოიაზრებს მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ეფექტიან თანამშრომლობას, მათ პერიოდულ შეხვედრებს, მუნიციპალიტეტებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვასა და შესაბამისი ერთობლივი დასკვნების, რეკომენდაციებისა და სამუშაო გეგმების შემუშავებას.
აღსანიშნავია, რომ დმანისის გარდა უკვე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 5 მუნიციპალიტეტში: ბოლნისი, მარნეული, ახალციხე, ახალქალაქი და ნინოწმინდა. ხოლო ახლო პერიოდში დაიწყება ტრენინგების ჩატარება ადგილობრივი თვითმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.