რუსთავის მერს ახალი მრჩეველთა საბჭო ჰყავს

რუსთავის მერს ახალი მრჩეველთა საბჭო ჰყავს.

მერის სათათბირო ორგანო ახალი შემადგენლობით დღეს პირველად შეიკრიბა. მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა რუსთვის მერმა ნინო ლაცაბიძემ უკვე დაწყებული და განხორციელებული პროექტების პრეზენტაციით დაიწყო.

მრჩეველთა ახალი საბჭო სხვადასხვა თაობის და პროფესიის ისეთი რუსთაველებით არის წარმოდგენილი, რომლებსაც რუსთავის განვითარებაში აქტიური მონაწილეობა აქვთ მიღებული.

ქალაქის ყოფილი მერები, მშენებლები, მეტალურგები, ექიმები, ქიმიკოსები, პედაგოგები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები,რუსთავის მერიის სათათბირო ორგანოში მუშაობას დღეიდან შეუდგებიან და  ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართულნი.

შეხვედრას რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების წარმომადგენლები, მერის მოადგილეები და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.