შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე ნ.დ დააკავეს.
უწყების ცნობით, დაკავებულმა ნარკოტიკული საშუალება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან შემოიტანა. ის ბათუმის აეროპორტში დააკავეს და 11კგ-ზე მეტი მარიხუანა ამოიღეს.
“სამართალდამცველებმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად, სამგზავრო ჩანთაში წინასწარ მოწყობილი სამალავიდან, 11 კილო და 200 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს”, – წერია უწყების განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 273-ე პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვას გულისხმობს.
დანაშაულები 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.