საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ვალერიან გობრონიძის განცხადებით, კანონპროექტით ზუსტდება სპეციალური მასწავლებლის განათლებისათვის კანონით დადგენილი მოთხოვნები და ხდება უფრო მრავალფეროვანი, მოიცავს უფრო მეტ ალტერნატივას, რაც მეტ პირს მისცემს შესაძლებლობას, ამ სტატუსით სკოლაში დასაქმდეს.
„ფართოვდება სპეციალური მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები, რაც ზრდის სპეციალურ მასწავლებლად დასაქმებისა და კვალიფიციური კადრების მოზიდვის შესაძლებლობას. ცვლილების შესაბამისად, სპეციალური მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს“, – განაცხადა მომხსენებელმა.
კანონპროექტი საშუალებას აძლევს იმ სპეციალისტებს, რომლებიც 2018 წლის 10 აგვისტომდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული იყვნენ ინკლუზიური განათლების მიმართულებით და ვერ აკმაყოფილებდნენ სპეციალური მასწავლებლისათვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს, დარჩნენ სისტემაში და კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდის ჩაბარების გზით, კვალიფიკაცია დაადასტურონ 2025 წლის 1 იანვრამდე.
კანონპროექტით ზუსტდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისა და სასკოლო სასწავლო გეგმის განმარტება და შესაბამისობაში მოდის მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.
კანონპროექტის გარდამავალი დებულების მიხედვით, 2024 წლის 1 იანვრამდე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უნდა უზრუნველყოს სპეციალური განათლების მაგისტრის და სპეციალური მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლების შემუშავება და დამტკიცება, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცეთ შესაძლებლობა, განახორციელონ სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის დაძლევის დამადასტურებელი სერთიფიკატი ან შესაბამისი გამოცდის ჩაბარება, შესაბამის უმაღლეს განათლებასთან ერთად, დადგენილია სპეციალური მასწავლებლის განათლებისათვის განსაზღვრულ ერთ-ერთ მოთხოვნად.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.