საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი სამიტის ფარგლებში, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.
შეხვედრისას პრემიერმა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა გადადგას შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.
ამ მიზნით, საქართველო მყისიერად შეუდგა ევროკომისიის მიერ იდენტიფიცირებული 12 პრიორიტეტის შესრულებას. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ინკლუზიური პროცესი საშუალებას აძლევს ხელისუფლების ყველა შტოს, ასევე ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, სრულად ჩაერთონ პრიორიტეტების შესრულებაში, რისთვისაც სამუშაო ჯგუფებია შექმნილი.
პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტი მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მიიწვია.