რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ქალაქში მოქმედი მსხვილი საწარმოების წარმომადგენლებთან და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად, პროფესიულ კოლეჯ ,,მოდუსში“ სამუშაო შეხვედრა გამართა.
,,მოდუსის“ სტუმრები სასწავლო პროცესს ადგილზე გაეცნენ და კოლეჯში არსებული სახელოსნოები დაათვალიერეს, რის შემდეგაც დირექტორმა ნინო ქავთარაძემ სასწავლო პროგრამების შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარადგინა.
შეხვედრის მიზანი, ადგილობრივ ბიზნესსა და პროფესიულ კოლეჯს შორის ურთიერთთანამშრომლობის დამყარება და სტუდენტებისთვის, შემდგომი დასაქმების პერსპექტივის გაჩენა იყო.
დეფიციტურ პროფესიებზე ორიენტირებული პროფესიული სასწავლებელი, ადგილობრივი ბიზნესისთვის კვალიფიციური კადრის შეძენის, სტუდენტებისთვის, კი დასაქმების რეალურ შესაძლებლობას იძლევა.
პროფესიულ კოლეჯში 15 პროგრამა მუშაობს. სასწავლებლის სტუდენტებს, სამკერვალო წარმოების, კულინარიის, სანტექნიკის, თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქტორის, თმის სტილისტის, მებაღის, ტურისტული მეგზურის და სხვა პროფესიების დაუფლების საშუალება აქვთ.