რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია უძღვებოდა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, პარტია “საქართველოსთვის” წევრმა და პარლამენტის დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა საკრებულოს სხდომაზე, ფრაქცია ,,რუსთავი საქართველოსთვის“ სახელით, ორი ინიციატივა წარადგინა. ფრაქცია “რუსთავი საქართველოსთვის” ინიციატივები, ქალაქ რუსთავში სახალხო სახალხო ბიუჯეტირების პრინციპის დანერგვას და საკრებულოში დროებითი ანტიკორუფციული კომისიის შექმნას ეხება.
საკრებულოს სხდომაზე ბექა ლილუაშვილის გამოსვლას ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ მხრიდან უკმაყოფილება გამოიწვია.დეპუტატების მიერ გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები.
საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ქალაქ რუსთავში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების ამსახველი პლაკატები გაშალეს და ბიუჯეტის არასათანადოდ ხარჯვასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს,რასაც დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა, რის გამოც საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომა დროებით შეაჩერა.
რუსთავის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს წევრებმა, 2022 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს და მხარი დაუჭირეს.
საკითხი სხდომაზე მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მამუკა მამაიაშვილმა წარადგინა.
როგორც მამუკა მამაიაშვილმა განმარტა, მიმდინარე წლის ბიუჯეტი განისაზღვრა 104 194, 4 ათასი ლარით, რაც მუნიციპალიტეტის სხვა შემოსავლების გეგმითი ნაწილის 1, 1000,0 ლარით გაზრდამ და გამოვლენილმა ეკონომიებმა განაპირობა. მისი თქმით, აღნიშნული თანხების ძირითადი ნაწილი სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით გადანაწილდა.
დღესვე, საკრებულომ დაამტკიცა რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს 2023-2025 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელშიც გაწერილია მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებები, საბჭოს მიერ განსახორციელებელი საქმიანობები, ინდიკატორები, პარტნიორი ორგანიზაციები და ვადები.
საკრებულოზე დამტკიცდა ასევე გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების ახალი, შესწორებული ვერსია.
სხდომის ფარგლებში, საკრებულომ დაამტკიცა ფრაქცია ,,რუსთავი საქართველოსთვის“ მიერ დაინიცირებული საკითხი, რომელიც ,,მერიის სტრუქტურული ერთეულების და საკრებულოს აპარატის ბეჭდების და ტვიფრების (შტამპების) გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ განკარგულებაში ცვლილების შეტანას ეხებოდა. საკითხის ინიციატორისა და მომხსენებლის, ფრაქცია ,,რუსთავი საქართველოსთვის“ თავმჯდომარის ნათია შელეგიას განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით მუნიციპალიტეტს ექნება ერთის ნაცვლად, ორ გერბიანი ბეჭედი, რომლის გამოყენებაზე პასუხისმგებელი პირი იქნება საკრებულოში – საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო მერიაში – ქალაქის მერი.
ნათია შელეგიას განცხადებით, ცვლილებების მიზანია, მოქმედ განკარგულებაში არსებული შინაარსობრივი მხარის დახვეწა და დაზუსტება საკრებულოს შეუფერხებელი მუშაობის ხელშესაწყობად.
საკრებულოს ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, შეიქმნა საკრებულოს აპარატის გამართული საქმიანობისთვის საჭირო ღონისძიებების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფი.
საკრებულოს სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული საკრებულოს წევრი დავითი სულაძის განცხადება პოლიტიკური გაერთიანებაში ,,ლელო საქართველოსთვის“ გადასვლასთან დაკავშირებით.