ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი იურისტის, კახაბერ იოსელიანის განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა, რომ კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება ქვეყანაში აიკრძალოს, ამასთან, აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნების უფლება შეეზღუდოს 16 წლამდე ასაკის პირს.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კანონპროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია და შეიქმნება აგრესიული ჯიშის ძაღლების ნუსხაც, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მიიღებს კანონპროექტს, ქვეყანაში აგრესიული ჯიშის ძაღლების შემოყვანა აიკრძალება.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს კანონპროექტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრესიული ჯიშის ძაღლების გასეირნება გარკვეულ საათებში ალიკაპით და საბმელით იქნება საჭირო. ამასთან, განსაზღვრული იქნება კონტეინერით გადაადგილება.









