ჩვენი საზოგადოების განვითარების საზომი არის ის, თუ როგორ ვუფასებთ ჩვენს ვეტერანებს მათ მიერ გაღებულ წვლილს, მათ ღვაწლს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება, შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს მაქსიმუმს, რომ კიდევ უფრო მეტად იყოს დაფასებული ვეტერანების ღვაწლი.
პრემიერთან ერთად ვეტერანებს სიტყვით მიმართეს ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კობა კობალაძემ, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. ღონისძიებაზე დეკანოზმა დავით ლონდარიძემ პატრიარქის მიმართვა წაიკითხა.
დღესვე გაიმართა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებისთვის ვახტანგ გორგასლის I, II და III ხარისხის ორდენების გადაცემის ცერემონია.
17 ოქტომბერს საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება. დღეისათვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ერთიან ბაზაში ვეტერანის სტატუსის მატარებელი 70 000-მდე პირია რეგისტრირებული. მათ შორის არიან მეორე მსოფლიო ომის, 1992-93 წლების აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საომარი მოქმედებების, 2008 წლის აგვისტოს ომისა და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების (ავღანეთი, უნგრეთის) მონაწილეები.
ღონისძიებას აღმასრულებელი, საკანონმდებლო და დიპლომატიური კორპუსის, აგრეთვე კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.









