რუსთავში ,,ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ შეხვედრა გამართა

რუსთავში ,,ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის მიერ, ძუძუ კიბოს პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანიის და „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც ეროვნული სკრინინგ-ცენტრის დირექტორი ეთერ კიღურაძე უძღვებოდა.

საინფორმაციო შეხვედრას პარლამენტის წევრი ირმა ზავრადაშვილი, ქალაქ რუსთავის მერი, „ქართული ოცნების“ ქალთა ქვემო ქართლის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნინო ლაცაბიძე და „ევროპა დონას“ პრეზიდენტი ანა მაზნიაშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა ქალბატონებთან ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტირებისა და დროული სკრინინგის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. როგორც ცნობილი გახდა რუსთავში სკრინინგის უფასო აქცია 40-დან 70 წლის ჩათვლით ასაკის ქალბატონებისთვის 24-25 ოქტომბერს კლინიკა „რუსთავში“ ჩატარდება.

ოქტომბერში, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, რომლის სლოგანებია – „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“, „კიბო განაჩენი არ არის“ და „ადრეული სკრინინგი სიცოცხლის გადარჩენის გარანტია“, ქვემო ქართლის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ტიპის აქტივობები ხორციელდება.

„ვარდისფერი ოქტომბრის“ სახელით ცნობილი საერთაშორისო კამპანია მსოფლიოში 1997 წლიდან ტარდება და ძუძუს კიბოს პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლების გაზრდას ემსახურება.