ირაკლი ღარიბაშვილმა EBRD-ის პრეზიდენტ ოდილ რენო-ბასოსთან ონლაინ შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა EBRD-ის პრეზიდენტ ოდილ რენო-ბასოსთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და EBRD-ს შორის წარმატებულ თანამშრომლობაზე და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივები განიხილეს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ EBRD არა მხოლოდ საქართველოს ერთგული პარტნიორია, არამედ ორგანიზაციას დიდი წვლილი მიუძღვის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. აღინიშნა EBRD-ის უმნიშვნელოვანესი როლი პოსტპანდემიურ პერიოდში არსებული სირთულეების დაძლევის მიმართულებით.

მხარეებმა აგრეთვე განიხილეს სექტორული თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები, მათ შორის: ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა, ელექტროენერგიის გამომუშავება ექსკლუზიურად მწვანე/განახლებადი წყაროების მეშვეობით, შავი ზღვის რეგიონში დაკავშირებადობის გაზრდის მიზნით რეგიონული მნიშვნელობის პროექტები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები, კერძო სექტორის როლის გაძლიერება, ადამიანური კაპიტალი და სხვა.

პრემიერ-მინისტრმა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა და აღნიშნა, რომ ქვეყნის პრიორიტეტული სფეროების დაფინანსების თვალსაზრისით EBRD-ის მხარდაჭერა ფასდაუდებელია.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს საქართველოში, საერთო ჯამში, 270 პროექტში 4,9 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული, საიდანაც დიდი წილი კერძო სექტორზე მოდის. საქართველო EBRD-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ბენეფიციარია.