რუსთავის მეშვიდე მოწვევის საკრებულომ, მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი მერიას უკან დაუბრუნა.
გადაწყვეტილება დეპუტატებმა დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია უძღვებოდა.
მომავალი წლის ფინანსური დოკუმენტის პროექტის პარამეტრები ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ წარადგინა. წარდგენა ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა. პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა. მათი განცხადებით, მერის დამოკიდებულება ფრაქციის წევრების მიმართ შეურაცხმყოფელი იყო.
საკრებულოს სხდომაზე 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების საკითხს მხარი არ დაუჭირეს ფრაქცია „რუსთავი საქართველოსთვის“და პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა. კენჭის ყრაში მონაწილეობა არ მიიღეს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა.
როგორც სხდომაზე, ბიუჯეტის შეფასებისას, ფრაქციამ „რუსთავი საქართველოსთვის“ განაცხადა, მერიის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის აღნიშნული ვარიანტი ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის საჭიროებებს, თანხები არასწორად არის გადანაწილებული, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სოციალური პროექტების ნაწილში.
დღესვე დეპუტატებმა განიხილეს და გადაწყვეტილებები მიიღეს დღის წესრიგით განსაზღვრულ თხუთმეტ საკითხზე.
ცვლილება შევიდა, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებულ სტუდენტთა სწავლის დაფინანსების, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ოქროს მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისების, შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე და ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამების წესებში.
დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს, ბიუჯეტიდან „HER-2“ დადებითი ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტებით დაფინანსების საკითხსა და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარების მიზნით, ბავშვიანი ოჯახების ხელშეწყობის ქვეპროგრამას.
ცვლილება შევიდა სასყიდლიან ხელშკრულებებში შპს „ პოულტრო ჯორჯიას“ და შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“, რის საფუძველზეც პირდაპირი განკარგვის წესით მოსარგებლე აღნიშნულ კომპანიებს სარგებლობის ახალი საფასურით გაუფორმდებათ ხელშეკრულება.
დეპუტატების გადაწყვეტილებით, თანხმობა მიეცა შპს „მაგთიკომს“ პირობით გამოცხადებულ აუქციონში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების, კერძოდ მშენებლობის დასრულების შედეგად ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით.
შპს „ლუის ყავას“ სამი წლის ვადით სასყიდლიანი იჯარით სარგებლობის უფლებით გადაეცა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 853 კვ. მეტრიდან 87 კვ. მეტრი უძრავი ქონება.
დამტკიცდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა და გეგმა.