რუსთავში დღეიდან 12 ნოემბრის ჩათვლით,გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ დრამატულ თეატრში კომედიის თეატრალური ფესტივალი გაიმართება.
კომედიის თეატრალურ ფესტივალზე წელს რუსთავს 12 დღის განმავლობაში 15-მდე დასი ეწვევა, ფესტივალს ტრადიციულად მარჯანიშვილის თეატრი გახსნის, დასი მაყურებელს ლევან წულაძისა და თემო კუპრავას მიერ დადგმულ სპექტაკლს ,,ფიგაროს ქორწინება“ წარუდგენს.
კომედიის თეატრალური ფესტივალი რუსთავის თეატრის სკვერში დღეს საზეიმოდ 19:00 სთ-ზე გაიხსნება, სადაც მოწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ სრულად გაეცნონ ფესტივალის პროგრამას,ასევე შეხვდნენ ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავებს.
ფესტივალის ფარგლებში რუსთავის თეატრი 2 სპექტაკლს წარადგენს.
5 ნოემბერს გიორგი ქანთარიას დადგმულ სპექტაკლს ,,მზის დაბნელება საქართველოში” , ხოლო 12 ნოემბერს საზოგადოება სოსო ნემსაძის რეჟისორობით ,,კუკარაჩას” იხილავს.
კომედიის თეატრალური ფესტივალი რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ დრამატულ თეატრში ამჯერად უკვე მეორედ გაიმართება.










