ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა.
სხდომაზე განხილულ იქნა გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს მნიშვნელოვანი ტენდენციები და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები.
ასევე განხილულ იქნა ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების განახლების პროცესი.
აღსანიშნავია, რომ წელს, თებერვლის მდგომარეობით, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის საბოლოო ვერსია მზად იყო პარლამენტისთვის წარსადგენად, მაგრამ მკვეთრად შეცვლილი უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, მიმდინარეობს დოკუმენტის უსაფრთხოების არსებულ გარემოსთან შესაბამისობაში მოყვანა.
პარალელურად, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს საფრთხეების შეფასების დოკუმენტისა და ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის განახლების მიმართულებით, რომლებშიც აგრეთვე აისახება შეცვლილი უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები.
სხდომის მონაწილეებმა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში რეფორმის მიმდინარეობასა და კონცეპტუალური და სამართლებრივი ჩარჩოს შექმნის პროცესზეც იმსჯელეს. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების სექტორული ნუსხების შედგენის პროცესზე.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ საბჭოს მდივანი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და საბჭოს მუდმივი წევრები: თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, დაზვერვის სამსახურის უფროსი შალვა ლომიძე და თავდაცვის ძალების მეთაური გიორგი მათიაშვილი.