ქალები დღეს, კონფლიქტების ძალიან რთულ სამყაროში აჩვენებენ, როგორ შეიძლება არსებობა და წინსვლა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „პარიზის მშვიდობის ფორუმზე“ განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის თარგმანს საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ქალთა როლზე საუბრისას სოლიდარობა გამოხატა ირანელი და უკრაინელი ქალების მიმართ.
„არ უნდა წამოვეგოთ პროვოკაციას და პოლარიზაციას, არ უნდა ვუპასუხოთ შეტევებს, რომლებიც ზოგჯერ ეხება ფუნქციასაც და იმასაც, რომ ხარ ქალი – მნიშვნელოვან პოზიციაზე. ფემინიზმი ნიშნავს, რომ გეკავოს თანამდებობა, როგორც ნებისმიერ სხვას, იმ ფაქტის გამოყენების გარეშე, რომ ქალი ხარ.
მიმაჩნია, რომ ქალები დღეს, ამ კონფლიქტების ძალიან რთულ სამყაროში, აჩვენებენ, როგორ შეიძლება არსებობა და წინსვლა.
თქვენ გამოხატეთ პატივისცემა და მეც ვუერთდები ირანელი ქალების მიმართ გამოხატულ პატივისცემას. ჩვენ ვიმყოფებით რეგიონში, სადაც ყველა გარკვეულწილად, ჩვენი მეზობელია. ირანელ ქალებთან ჩვენ გრძელი ისტორია გვაკავშირებს. ჩვენ სიახლოვეს ვგრძნობთ ამ ირანელ ქალებთან და მინდა, მონაწილეობა მივიღო ამ ჟესტში, ამ სოლიდარობის გამოხატვაში.
დღეს არ შეიძლება უკრაინელი ქალების დავიწყება. მათ აჩვენეს, რომ თავიანთი ადგილი აქვთ უკრაინულ წინააღმდეგობაში; ზოგ შემთხვევაში არიან ჯარისკაცები და წარმოადგენენ ფუნდამენტს, რომლის საშუალებითაც უკრაინამ შეძლო ამდენი ხნის განმავლობაში წინააღმდეგობის გაწევა. ქალები, რომლებიც თავდაპირველად წავიდნენ ქვეყნიდან, შემდეგ დაბრუნდნენ მათი მეუღლეების მხარდასაჭერად და ომთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებში მონაწილეობის მისაღებად და გამარჯვება, რომელიც იკვეთება, ასევე მათი, და განსაკუთრებით, მათი გამარჯვებაა.
საქართველოსთან ახლომდებარე მოლდოვას ჰყავს ქალი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, რომლებიც არ იბრძვიან ფრონტზე, მაგრამ იბრძვიან განსაკუთრებით რთულ პირობებში, ენერგეტიკულ ბლოკადაში, რომლებიც მათ რუსეთმა შეუქმნა. ასევე, შიდა დესტაბილიზაციის მცდელობაა ოლიგარქების მხრიდან, რომლებიც რუსეთის კმაყოფაზე არიან, პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი იბრძვიან და წინააღმდეგობას უწევენ მათ. სხვა ქალმა, ურსულა ფონ დენ ლაიენმა მხარი დაუჭირა მათ და გამოუცხადა ევროკავშირის მხარდაჭერა და სოლიდარობა, (რასაც მე სრულიად ვემხრობი) – ფინანსური და ენერგეტიკული მხარდაჭერა, იმისათვის, რომ გადაიტანონ ეს ზამთარი. ეს კარგი ამბებია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ ქართველ ქალებზე. ზურაბიშვილის თქმით, მათი თავდადება ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების იმედს იძლევა.