რუსთავის მერია ქალაქის შემოგარენში არსებული აუთვისებელი ტერიტორიების ურბანული განვითარების პროექტზე და ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის განახლებაზე იწყებს მუშაობას.
რუსთავის შემოგარენში არსებული აუთვისებელი ტერიტორიის ურბანული განვითარების პროექტის პრეზენტაცია რუსთავის მერიაში დღეს გაიმართა, რომელიც მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა კობა ძლიერიშვილმა წარადგინა.
პრეზენტაციას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, მერის პირველი მოადგილე კახა გურული, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ და პროექტზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ.
800 ჰექტარი მიწის ფართობის განაშენიანების პროექტზე, რუსთავის მერიის არქიტექტორები, სპეციალურად მოწვეულ საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად იმუშავებენ.
საკონსულტაციო ჯგუფში ცნობილი არქიტექტორ- ურბანისტი და ქალაქმგეგმარებელი მერაბ ბოლქვაძე, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი კობა ყალიჩავა, სივრცითი დაგეგმვისა და სამშენებლო საქმიანობის ექსპერტი, არქიტექტორ-ურბანისტი, მიწათსარგებლობის დამგეგმავი ვახტანგ ჯოხაძე და ფონდი ,,განვითარება და გარემოს“ თავმჯდომარე თემურ ტყემალაძე იმუშავებენ.
რუსთავის შემოგარენში არსებული მიწის ნაკვეთები,, რომელთა დიდი ნაწილი მოქალაქეების კერძო მფლობელობაშია, განვითარების გეგმის არარსებობის გამო, დღემდე უფუნქციოა.
ტერიტორიის ურბანული განვითარების პროექტის შექმნის შემდეგ, აღნიშნული სივრცე, განვითარების ახალ შესაძლებლობას შეიძენს და დამატებითი აქტივიც იქნება 8000-მდე მოქალაქისთვის, რომლებიც მიწის ამ ნაკვეთებისთვის, ფუნქციური დატვირთვის მიცემას, წლების განმავლობაში ითხოვდნენ.