რუსთავში დღეიდან 12 ნოემბრის ჩათვლით კომედიის თეატრალური ფესტივალი გაიმართება

რუსთავში დღეიდან 12 ნოემბრის ჩათვლით,გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ დრამატულ თეატრში კომედიის თეატრალური ფესტივალი გაიმართება.

კომედიის თეატრალურ ფესტივალზე წელს  რუსთავს 12 დღის განმავლობაში 15-მდე დასი ეწვევა, ფესტივალს ტრადიციულად მარჯანიშვილის თეატრი გახსნის, დასი მაყურებელს ლევან წულაძისა და თემო კუპრავას მიერ დადგმულ სპექტაკლს ,,ფიგაროს ქორწინება“ წარუდგენს.

კომედიის თეატრალური ფესტივალი რუსთავის თეატრის სკვერში დღეს საზეიმოდ 19:00 სთ-ზე გაიხსნება, სადაც მოწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ სრულად გაეცნონ ფესტივალის პროგრამას,ასევე შეხვდნენ ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავებს.

ფესტივალის ფარგლებში რუსთავის თეატრი 2 სპექტაკლს წარადგენს.

5 ნოემბერს გიორგი ქანთარიას დადგმულ სპექტაკლს ,,მზის დაბნელება საქართველოში” , ხოლო 12 ნოემბერს საზოგადოება სოსო ნემსაძის რეჟისორობით ,,კუკარაჩას” იხილავს.

კომედიის თეატრალური ფესტივალი რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ დრამატულ თეატრში ამჯერად უკვე მეორედ გაიმართება.