რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრი კომედიის თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობს.
ფესტივალი 1-ელ ნოემბერს თეატრის სკვერში საზეიმოდ და ცისფერ დარბაზში თეატრისა და კინოს ვარსკვლავებთან შეხვედრით გაიხსნა.
ფესტივალი, რომელიც რუსთავის მერიის ხელშეწყობით ტარდება, ტრადიციულად მარჯანიშვილის თეატრმა გახსნა. დასმა მაყურებელს ლევან წულაძისა და თემო კუპრავას სპექტაკლი ,,ფიგაროს ქორწინება“ წარუდგინა.
ღონისძიებას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, ირაკლი შატაკიშვილი, ქალაქის საკრებულოს წევრები, მერის მოადგილეები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
1-დან 12 ნოემბრამდე, კომედიის თეატრალურ ფესტივალზე წელს რუსთავს 15-მდე დასი ეწვევა.
შეგახსენებთ კომედიის თეატრალური ფესტივალი რუსთავში უკვე მეორედ ტარდება. თეატრალურ ღონისძიებას რუსთავის მუნიციპალურმა თეატრმა პირველად, 2020 წელს უმასპინძლა.
აღსანიშნავია,რომ 2022 წელი რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრისთვის საიუბილეო წელია.
რუსთავის თეატრი 30 ნოემბერს 55 წლის გახდება.









