18 წელი მიუსაჯეს მამაკაცს, რომელმაც 82 წლის ნათესავი ჯერ მოკლა, შემდეგ კი სახლს ცეცხლი წაუკიდა

დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულ პირს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ მამაკაცა 82 წლის ნათესავი ქალი ჯერ მოკლა, შემდეგ კი სახლს ცეცხლი წაუკიდა.

“თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის  ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 16 მარტს თბილისში, გლდანის რაიონში, ანგარების მოტივით ბრალდებულმა ნათესავი ქალი, მისსავე ბინაში დანით კისრის არეში დაჭრა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით გარდაცვლილს ბენზინი დაასხა და ცეცხლი წაუკიდა, ასევე, დაეუფლა გარდაცვლილის კუთვნილ ტელევიზორს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 17 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ანგარებით) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,” – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.