30 ნოემბერი რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრის საიუბილეო თარიღია

დღეს,30 ნოემბერს, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში 55 წლისადმი მიძღვნილი დასკვნითი საიუბილეო ღონისძიებები გაიმართება.

საიუბილეო დღის განრიგით დაგეგმილია გოგი ქავთარაძის სახელობის შემოქმედებითი სივრცის გახსნა. აღსანიშნავია, რომ მომავალში ყველა დარბაზს რუსთავის თეატრში მოღვაწე ადამიანების სახელები დაერქმევა.

შემდეგ კი ფოიეში რუსთავის თეატრის პირველი სპექტაკლის ,,სირანო დე ბერჟერაკის“ კოსტუმების გამოფენა გაიმართება.

დასასრულს კი დიდ დარბაზში საიუბილეო საღამო გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას რუსთავის თეატრის მსახიობებთან ერთად, ცნობილი მუსიკოსები და სახელმწიფო ანსამბლი ,,რუსთავი“ მიიღებენ.

საიუბილეო სეზონზე რუსთავის თეატრმა 100 -ზე მეტი ღონისძიება გამართა, რომელიც მუსიკალური დრამით ,,კუკარაჩა“ გაიხსნა და ცოტა ხნის წინ კომედიის თეატრალური ფესტივალით დასრულდა.

რუსთავის თეატრი, რომელიც წელს 55-ე იუბილეს აღნიშნავს, 1967 წელს გაიხსნა და ის მარჯანიშვილის თეატრიდან წამოსულმა ახალგაზრდებმა გიგა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით შექმნეს.

პირველი პრემიერა 30 ნოემბერს შედგა, გიგა ლორთქიფანიძემ მაყურებელს ედმონდ როსტანის ,,სირანო დე ბერჟერაკი“ წარუდგინა, რომელშიც მთავარ როლებს ოთარ მეღვინეთუხუცესი, მალხაზ გორგილაძე, გურანდა გაბუნია, თენგიზ მაისურაძე და ნოდარ მგალობლიშვილი ასრულებდნენ.

ამ დროისათვის დასში ყველა თაობის არტისტია, მათ შორის ისინიც ვინც 1967 წელს ძალიან ახალგაზრდები ჩაუდგნენ სათავეში მშობლიურ თეატრს.