რუსთავის მერიამ 2023 წლის ბიუჯეტი უკვე მეორედ შეიტანა საკრებულოში განსახილველად.
ქალაქის ბიუჯეტი რუსთავის ოპოზიციურმა საკრებულომ პირველი მოსმენით ჩააგდო და მერიას შენიშვნების დოკუმენტთან ერთად გადაუგზავნა.
ოპოზიციური საკრებულოს მიერ გადაგზავნილ შენიშვნებს, რუსთავის მერიაში სურვილების ფურცელს უწოდებენ და აცხადებენ, რომ საკრებულოს მიერ გადმოგზავნილი მოთხოვნები არარეალურია, რადგან გარდა იმისა, რომ ოპოზიციის მიერ წამოყენებული მოთხოვნების ნაწილი საერთოდ სცილდება მერიის კომპეტენციას, დოკუმენტში ასახული არცერთი პუნქტი თანხვედრაში არ მოდის არსებულ შემოსავლებთან.
ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმეტის პროექტის პირველი განხილვა რუსთავის საკრებულოში ხმაურის და დაპირისპირების ფონზე წარიმართა, კენჭისყრაში საერთოდ არ მიიღო მონაწილეობა ნაციონალურმა მოძრაობამ , პარტია ,,საქართველოსთვის“ წევრებმა, კი ქალაქის 2023 წლის ბიუჯეტს ხმა არ მისცეს.
რუსთავის მერიაში ვარაუდობენ, რომ საკრებულოს ოპოზიცია, ქალაქის ბიუჯეტს არც მეორე განხილვით არ დაამტკიცებს.