საკრებულომ დღეს რიგით N17 სხდომა გამართა

რუსთავის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულომ ქალაქის 2023 წლის ბიუჯეტი, მეორე მოსმენით დაამტკიცა.
გადაწყვეტილება დეპუტატებმა დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ერთხმად მიიღეს.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია უძღვებოდა.
87 მილიონ 367,7 ათასი ლარით განსაზღვრული ქალაქის მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, სხდომაზე, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა მამაიაშვილმა წარადგინა.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, 2023 წლის ბიუჯეტში პრიორიტეტი კვლავ ინფრასტრუქტურულ, სოციალურ პროგრამებს ენიჭება.
დეპუტატებმა დღესვე, მიმდინარე წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებები დაამტკიცეს. „ – 2022 წლის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილება გამოიწვია ხარჯვით ნაწილში დაფიქსირებულმა ეკონომიებმა და გამოთავისუფლებულმა თანხებმა, რომელმაც შეადგინა 1 565,6 ათასი ლარი. აღნიშნული თანხა მიმდინარე წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში კი სხვადასხვა პროგრამებში, ძირითადად, ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროგრამებში გადანაწილდა,“- განაცხადა სხდომაზე მამუკა მამაიაშვილმა.
ცვლილებები შევიდა, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების, მერიისა და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების, პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ დადგენილებებში.
საკრებულოს დღეს გამართულ რიგით N17 სხდომაზე, დეპუტატებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს, დღის წესრიგით გათვალისწინებულ 18 საკითხს, რის შემდეგაც საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზიამ, რეგლამენტის თანახმად, სხდომა დახურულად გამოაცხადა.