ტექნოლოგიებსა და გენდერული თანასწორობისთვის ინოვაციებს მიეძღვნა დღეს პარლამენტში კონფერენცია, სადაც ტექნოლოგიებში გოგონებისა და ქალების ჩართვის მიზნით განათლების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
ღონისძიების მონაწილეებმა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს ეკოსისტემასა და განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
ასევე, განიხილეს ამ მიმართულებით დაგეგმილი შემდგომი ქმედებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ტექნოლოგიების სფეროში ქალების მეტად ჩართვას.
კონფერენციაზე გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანმა აღნიშნა, რომ ტექნოლოგიები და ამ მიმართულებით ინოვაციები ეკონომიკის მზარდ და პრიორიტეტულ სფეროს წარმოადგენს, რომელშიც უმნიშვნელოვანესია ქალების თანაბარი მონაწილეობის ხელშეწყობა, ვინაიდან ჯერ კიდევ არსებობს მათთვის ისტორიულად შექმნილი ბარიერები და სირთულეები.
ნინო წილოსანის თქმით, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ამოცანაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მიღწევას სისტემური და კოორდინირებული მუშაობის გზით.
„გენდერული თანასწორობის საბჭოსთვის მყარად გაცხადებული მიზანია, გოგონების და ქალების ტექნოლოგიებისა და ინოვაციებში მონაწილეობის გააქტიურება მით უფრო, რომ საქართველო თანასწორობის თაობის ფორუმს ამ უმნიშვნელოვანესი ვალდებულებით შეუერთდა“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა დღეს პარლამენტში შემდგარ კონფერენციაზე – „ტექნოლოგიები და ინოვაცია გენდერული თანასწორობისთვის – განათლების როლი გოგოებისა და ქალების საინფორმაციო ტექნოლოგიებში ჩასართავად“.
როგორც მან აღნიშნა, „ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და ქალების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება. გენდერული თანასწორობის მისაღწევად, მნიშვნელოვანია არსებითი და ფორმალური თანასწორობა, დისკრიმინაციის აკრძალვა და ქალთა გაძლიერება თუმცა, მხოლოდ თანასწორობის ფორმალური მექანიზმების არსებობა არასაკმარისია, რათა სახელმწიფომ ერთი მხრივ შეასრულოს მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები მეორე მხრივ, უპასუხოს პირდაპირ და არაპირდაპირ დისკრიმინაციას და მიაღწიოს არსებით თანასწორობას. ყველა კონკრეტული აქტივობა და პროექტი რომელიც გამიზნულია ქალების გაძლიერებასა და მათი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, საერთო მიზნის მიღწევის ერთ-ერთი შემადგენელია“.
დღეს საკანონმდებლო ორგანოში გამართული ღონისძიების მიზანი იყო საქართველოში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში ქალების ჩართულობის კვლევის (2022) მიგნებებისა და რეკომენდაციების გაცნობა.
ღონისძიებაში გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის წევრები, მიზნობრივი სახელმწიფო უწყებებისა და განათლების სექტორის წარმომადგენლები, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციები მონაწილეობდნენ.