10 დეკემბრის ჩათვლით გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნება. ნებისმიერი მსურველი მომსახურებას ვაქცინაციის პროცესში ჩართულ 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს.
იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა „სანოფი პასტერის“ წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
რუსთავში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით 3500 ადამიანი აიცრა, ხოლო ქვემო ქართლის მასშტაბით ამ რიცხვმა 7000-ს გადააჭარბა.
შეგახსენებთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა ვაქცინაცია სექტემბრის ბოლოს დაიწყო. პირველ ეტაპზე, მომსახურება დაავადების გართულების მომატებული რისკის მქონე პირებმა მიიღეს, 5 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე კი ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის უფასო გახდა. მოგვიანებით ამ ვადამ 30 ნოემბრამდე გადაიწია. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 5 დეკემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის ისევ უფასო იქნება.