გენდერული თანასწორობის საკითხებზე პირველი ციფრული ბიბლიოთეკა შეიქმნა

გენდერული თანასწორობის საბჭომ 2022 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში გენდერული თანასწორობის საკითხზე შექმნილი პირველი ციფრული ბიბლიოთეკის პრეზენტაცია გამართა.  ღონისძიების მონაწილეებს შალვა პაპუაშვილმა მიმართა, გენდერული თანასწორობის საბჭოს პროდუქტიულ საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საბჭოს საქმიანობის მიმართ ინტერესი დიდია.

 პარლამენტის თავმჯდომარემ, გენდერული საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივებსა და ცვლილებებზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა როგორც საბჭოს წევრებს ისე, დონორ ორგანიზაციებს: გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდს (IFES), ციფრული ბიბლიოთეკის შექმნაში გაწეული დახმარებისთვის.

ღონისძიებაზე გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანმა წარადგინა. მან დეტალურად ისაუბრა საბჭოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, ინიციატივებსა და მნიშვნელოვან აქტივობებზე, რომელიც წლის მანძილზე გენდერული თანასწორობის საბჭომ განახორციელა.

ციფრული ბიბლიოთეკა შეიქმნა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), შვედეთისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. ღონისძიების ფარგლებში სტუდენტების მონაწილეობით  დისკუსიაც გაიმართა. საბჭოს საქმიანობის ანგარიშს და ელექტრონული ბიბლიოთეკის პრეზენტაციას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) თანამშრომლობით გაიმართა.