კაცი, რომელმაც ამბროლაურის ტყეში თანასოფლელი მოკლა დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული გ.ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდებარე ტყეში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს – 1960 წელს დაბადებულ ო.გ.-ს და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ს. რაჭაში, სოფელ ჭრებალოში დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.