ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკისა და საკონსულტაციო კომპანია „იუაი“ საქართველოს წარმომადგენლებმა, რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და ,,მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს“ ხელმძღვანელობასთან, სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე ”ურბანული ტრანსპორტის განვითარების (გენდერული სერვისები)“ პროგრამაზე ისაუბრეს, რომელსაც „იუაი“ საქართველო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD-ის) დაფინანსებით, საქართველოს 6 ქალაქში, მათ შორის რუსთავში განახორციელებს.
პროგრამა ორწლიანია და მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობისა და თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობას სატრანსპორტო კომპანიებში და რეგიონების მოსახლეობის სპეციფიკურ ტექნიკურ უნარებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.
პროექტი სატრანსპორტო კომპანიების ინსტიტუციურ გაძლიერებას, ინკლუზიური სატრანსპორტო გეგმის შემუშავებასა და დანერგვას, სექტორში არსებულ მოთხოვნებზე საპასუხოდ ახალი მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნას, ასევე ავტობუსის მძღოლებად ქალების მომზადებასა და დასაქმებას ითვალისწინებს.
პროგრამა საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში კერძოდ, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ფოთსა და გორში განხორციელდება.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს პროგრამის მიზნებზე, ამოცანებზე, ასევე მუნიციპალური ტრანსპორტის სფეროში არსებულ გამოწვევებზე.
მოგვიანებით, EBRD-ისა და ,,იუაი“-ს წარმომადგენლები, რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს ესტუმრნენ და ადგილზე გაეცნენ ტრანსპორტის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს.