პროკურატურამ არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სარგებლის მიღების მიზნით, 12 წლის არასრულწლოვანი გადაიბირა და მას შრომით ექსპლუატაციას უწევდა.

„ბრალდებული მუქარით და ფსიქოლოგიური ზეწოლით დაზარალებულს აიძულებდა თბილისის ქუჩებში მოწყალების მოთხოვნას და სხვადასხვა წვრილმანი ნივთის ქურდობას. აღნიშნულის შედეგად შეგროვებულ თანხას კი თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდა.

მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა ბრალდება, რაც სასჯელის სახით 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

უწყების განმარტებით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მათივე ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე  გამოძიება გრძელდება.