ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ქვემო ქართლის ახალგაზრდულ ფორუმს უმასპინძლა

ბოლნისის ახალ მუზეუმში ქვემო ქართლის ახალგაზრდული ფორუმი მოეწყო. ფორუმის მიზანი იყო შეექმნა დიალოგის სივრცე ახალგაზრდებს, ადგილობრივი თვითმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შორის, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავება-განხორციელების პროცესში გათვალისწინებას.
ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ნინო ლაცაბიძე და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე.
ფორუმზე, ქვემო ქართლში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა ინიციატივის „ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში განხორციელებული აქტივობები პრეზენტაცია გამართეს.
ახალგაზრდული ფორუმი მოეწყო პროგრამის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ (EVAWGG) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.
„მოხარული ვარ, რომ დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ქვემო ქართლის ახალგაზრდულ ფორუმს უმასპინძლა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება, ახალგაზრდების გაძლიერება და თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მათი ჩართულობა. ამ კუთხით ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ და ახალგაზრდების გააქტიურების მიმართულებით მზად ვართ ვითანამშრომლოთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან”, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.