აშშ-ის კინოაკადემიამ 2023 წლის „ოსკარის“ ნომინანტები დაასახელა

აშშ-ის კინოაკადემიამ 2023 წლის „ოსკარის“ ნომინანტები დაასახელა. რეკორდსმენი ამჯერად დენიელ შაინერტისა და დენ კვანის ფილმი „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“ (Everything Everywhere All at Once) გახდა, რომელმაც 11 ნომინაცია მიიღო. მათ შორისაა „საუკეთესო ფილმი“, „საუკეთესო რეჟისორი“, „საუკეთესო ქალი მსახიობი“, „საუკეთესო ორიგინალური სცენარი“, „საუკეთესო კოსტუმები“.

დრამატულ ფილმებს – „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ (All Quiet on the Western Front) და „ინიშერინის ბანში“ (The Banshees of Inisherin) 9-9 ნომინაცია აქვთ, „ელვისს“ (Elvis) – 8, სტივენ სპილბერგის „ფაბელმანებს“ (The Fabelmans) კი 7.

საუკეთესო რეჟისორის ჯილდოსთვის ტოდ ფილდი, რუბენ ესტლუნდი, მარტინ მაკდონა, დენ კვანი და დენიელ შაინერტი და სტივენ სპილბერგი იბრძოლებენ.

კაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის აკადემიამ ხუთი მსახიობი გამოარჩია: ბრენდან ფრეიზერი („ვეშაპი“), კოლინ ფარელი („ინიშერინის ბანში“), ოსტინ ბატლერი („ელვისი“), პოლ მესკალი („მზის შემდეგ“), ბილ ნაიი („ცხოვრება“).

რაც შეეხება ქალის როლის საუკეთესო შესრულებას, აქ ნომინანტებში მოხვდნენ: მიშელ იეო („ყველაფერი ყველგან ერთდროულად“), კეიტ ბლანშეტი („ტარი“), ანა დე არმასი („ქერა“), მიშელ უილიამსი („ფაბელმანები“), ანდრეა რაიზბორო („ლესლი“).

„ოსკარის“ დაჯილდოების 95-ე ცერემონია 2023 წლის 12 მარტს გაიმართება.