რუსთავში, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, 9 ძმა ხერხეულიძის, გურამიშვილის, ლერმონტოვისა და შევჩენკოს ქუჩებზე, გზის საფარს რეაბილიტაცია უტარდება. ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე ,,რუსთავის წყალის“, ,,ენერგო-პრო ჯორჯიასა“ და ,,სოკარის“, ასევე სამუშაოების შემსრულებელი კომპანიისა და ადგილობრი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პროექტის მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნო.
პროექტი 9 ძმა ხერხეულიძის, გურამიშვილის, ლერმონტოვისა და შევჩენკოს ქუჩების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. აღნიშნულ ქუჩებზე, განახლდება გზის საფარი, მოეწყობა ტროტუარები, მწვანე სივრცეები, გარე განათების ქსელი და სანიაღვრე სისტემა.
სამუშაოების ღირებულება 3 698 976 ლარს შეადგენს.
გზის საფარის დაგებამდე, სრულად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, კომპანია ,,რუსთავის წყალმა“ უკვე დაასრულა სამუშაოები, შეიცვალა მილსადენი და დამონტაჟდა თანამედროვე სტანდარტების ჩამკეტები. ძირითადი სამუშაოები დაასრულა კომპანია ,,ენერგო-პრო ჯორჯიამაც“.